ნაადრევი ქორწინების რისკები
ნაადრევი ქორწინება თითქოს ის თემაა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში უკვე სრულიად მოგვარებული უნდა იყოს, რადგან კანონი ამას უზრუნველყოფს და ცნობიერების დონეც იმ დონემდეა მისული, რომ აკრძალვები აღარ უნდა იყოს საჭირო. მაგრამ სამწუხაროდ ამ პრობლემის აღმოფხვრა არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორსაც ფიქრობდნენ.
უკეთ გასააზრებლად, თუ რატომ არის ეს საკითხი ასეთი სერიოზული და ყურადსაღები მოდით ვისაუბროთ მისგან გამოწვეულ პრობლემებსა და სავალალო შედეგებზე. პირველ რიგში ასეთ სიტუაციაში განათლების პრობლემა იჩენს თავს. როდესაც ნაადრევ ასაკში ქორწინდებიან, განათლება უკანა ფლანგზე იწევს. განათლება პირველ რიგში პიროვნების განსავითარებლად და პიროვნული დამოუკიდებლობისათვის არის საჭირო. როდესაც სათანადო განათლებას ვერ იღებენ ბავშვები, შესაბამისად შემდგომში უჭირთ სამსახურის პოვნა, უწევთ მშობლების ფინანსებით ცხოვრება და შესაბამისად არ აქვთ უნარი გახდნენ დამოუკიდებლები.
გოგონებს, და არა მხოლოდ გოგონებს უწევთ ნაადრევად გაზრდა და ვეღარ შეიგრძნობენ იმ ბავშვობის წლებს, რომელსაც მათში დაუვიწყარი მოგონებები უნდა დაეტოვებინა და მიეცა უფლება დაეშვათ ისეთი შეცდომები, რომელთა ხარჯზეც უამრავ გამოცდილებას მიიღებდნენ.
საქორწინო ასაკზე სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა განსხვავებული წარმოდგენა. უნდა ავღნიშნოთ, რომ ოჯახის შექმნა მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ორგანიზმი მომწიფებულია. ყველაზე უფრო სერიოზული პრობლემა გოგონას ჩამოუყალიბებელი სხეულია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში სერიოზულ ზიანს იღებს და შემდგომ მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს ქალს ამ ზიანთან გამკლავება.
თუ გაუმართლებთ და ახალგაზრდა დედას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, შესაძლოა თავად ნაყოფი იყოს ჩამოუყალიბებელი და განუვითარებელი. სწორედაც რომ ნაადრევი ქორწინებისას არის ბავშვის რაიმე ნაკლით, დაბადების ან სულაც დაბადებამდე ან დაბადების შემდეგ გარდაცვალების სტატისტიკურად ყველაზე მაღალი რისკი.
აგრეთვე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ნაადრევად შექმნილი ოჯახები ყველაზე ხშირად და ადრევე ინგრევიან, რაც განპირობებულია ნაადრევად მიღებული ამ სერიოზული, ქორწინების გადაწყვეტილებით, ხოლო როდესაც ეს ინდივიდები დამოუკიდებლობის ასაკს აღწევენ, მხოლოდ მაშინ იაზრებენ, რომ გემოვნება და მოთხოვნილებები შეეცვალათ და მათი პარტნიორები სულაც აღარ არიან ისინი, ვინც ნამდვილად სჭირდებათ.
ასე და ამგვარად მინდა ჩემს თანატოლებს მოვუწოდო დაფიქრებისაკენ, სანამ ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. დაფიქრდით რამდენს კარგავთ ნაადრევი გაზრდით, გაზრდა ოდესმე მაინც მოგვიწევს, ბავშვობის წლებს კი ვერასოდეს დავიბრუნებთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий